პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და ასამბლეის წევრებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და ასამბლეის წევრებს შეხვდნენ

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხი გაფართოებულ ფორმატში, საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს მეგობრული ურთიერთობები ძალიან მდიდარი ისტორიული წარსულით.

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების საკითხები, განვიხილეთ ასევე ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, შევეხეთ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენს ქვეყნებზე მათ გავლენას. ხაზი გავუსვით პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობას, ორივე ჯგუფს ხელმძღვანელობს ვიცე-სპიკერები. ასევე, განვიხილეთ ომის შემდგომი პერიოდის საკითხები ჰუმანიტარული და ასევე სხვადასხვა საკითხები, რომელიც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა სიმონიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების თანამშრომლობა კიდევ უნდა გაძლიერდეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩემი მოპატიჟებისთვის, ჩემი და ჩვენი დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს მოიცავს, თუმცა წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს, ამ 30 წლის უკან დგას საუკუნეები ქვეყნებს და ხალხებს შორის მეგობრობის. ეს საუკუნოვანი ძმობა სხვა პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პარლამენტს შორის ურთიერთობა უნდა იყოს არა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, არამედ კომიტეტების, აპარატების დონეზე უნდა იყოს, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე ინსტიტუციები გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი საწინდარი იქნება, რომ ჩვენს პარლამენტებს შორის, როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ძალიან საქმიანი ინტენსიური ურთიერთობა განვითარდება და ეს ორი პარლამენტი შეძლებს ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ნამდვილად პატივი არის აქ ყოფნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და პარლამენტის ეზოში სომეხ კოლეგასთან ერთად ხე დარგო. ერევანში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.