პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ

ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამგორში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს სამგორის რაიონში სკოლა 2 462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100-პროცენტიანი გრანტი 48 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო 70-პროცენტიანი კი 118-მა. სწორედ ამ წარმატებულ სტუდენტებთან და მათ დამრიგებლებთან გაიმართა შეხვედრა.

„ეს არის ორი თაობა, რომელიც ქმნის წარმატებას ქვეყანაში და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესული მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ იმ სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უფრო მეტი ენერგიით განვაგრძობთ მომავალში. ეს არის განათლება მათთვის, ეს არის დასაქმება, პირველი სამუშაო, სამსახური და რეკრეაცია, სპორტი და გართობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს ხედვა და ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ, გავაგრძელოთ მომავალში. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სოზარ სუბარის თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

„დღეს შევხვდით წარმატებულ სამგორელ პირველკურსელებს, ახალგაზრდებს. სხვადასხვა სპეციალობა, სხვადასხვა უნივერსიტეტი, მაგრამ ერთნაირად ანთებული თვალები, ერთნაირი სწავლის სურვილი და ერთნაირი მგზნებარე სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის გარდაქმნაში და ჩვენგანაც ეს იყო მთავარი თხოვნა, მოწოდებაც, რჩევაც, ისტორიის გაკვეთილიც, რომ როგორც მნიშვნელოვანია წიგნი და კომპიუტერი, ასევე მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების გარდაქმნა იწყება დღეიდან. ეს უნდა დაიწყონ მათ. მათ უნდა ააშენონ მომავლის საქართველო. ამისთვის ყველა პირობის შექმნა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან მარტო უფროსი თაობა, მათ გარეშე, ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.