პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განსახილველად პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსში 2016 წელს განხორცილებული ცვლილების გამო, რამაც აღნიშნული პერიოდიდან ავტოსატრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება გამოიწვია, პრობლემა შეექმნა საქართველოს საავტომობილო სპორტს. მისი თქმით, გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი და სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონში შემოთავაზებული ცვლილების მიღების შემთხვევაში მოხდება ავტოპარკის ეტაპობრივი შევსება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30 ავტომობილის იმპორტირება, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს და ხელს შეუწყობს ახალი თაობისა და მოყვარული ავტომრბოლელების ამ სახეობაში ჩართვას და მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებსაც.

კანონპროექტის მიხედვით, სპორტული დანიშნულების ავტომობილისათვის აქციზის გადასახადის თანხა არა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით, არამედ ფიქსირებულად, 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

„საავტომობილო სპორტის ფედერაციას, რომელსაც ძალიან კარგი იდეები აქვს, სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ამისთვის ყველანი მზად ვართ და ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში მაღალ დონეზე იყოს განვითარებული“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს პროექტთან დაკავშირებით.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.