პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 884 560 ლარი დაიხარჯება
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 884 560 ლარი დაიხარჯება

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 884 560 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ცესკო-ს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული თანხა 28 აპრილს დანიშნული შუალედური არჩევნების ყველა პროცედურას მოიცავს

„ბიუჯეტი გახლავთ 884 560 ლარი ჯამურად, რომელიც მოიცავს როგორც შრომის ანაზღაურებას, ასევე არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს და არჩევნების მოხელეთა გადამზადებისთვის საჭირო სახსრებს.

ამავდროულად, ეს ბიუჯეტი მოიცავს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯებსაც“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ცესკო ფინანსთა სამინისტროს თანხის გამოყოფის მოთხოვნით არ მიმართავს, რადგან ფინანსები უკვე არსებობს.

„2017 წლის ჯერ კიდევ მაისში იქნა მიღებული, დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ბიუჯეტი, მაშინ გათვლილი იყო ბიუჯეტი იმ კვალიფიციურ სუბიექტებზე, რა რაოდენობაც იმ პერიოდში არსებული მონაცემებით იყო. შესაბამისად, როგორც პარტიების დასაფინანსებელი თანხები, ისე მათი წარმომადგენლების თანხები იძლევა საშუალებას, რომ 880 ათასი ლარი, რომელიც დაახლოებით გახლავთ ჩვენი წარსადგენი ბიუჯეტი ფინანსების მოსათხოვად, საერთოდ აღარ მოვითხოვოთ ფინანსთა სამინისტროსგან და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დავაფინანსოთ შუალედური არჩევნები“,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.