პარლამენტის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს
პარლამენტის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს. კარავზე გიგა ბოკერას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია მიკრული.

პარლამენტის შენობასთან მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, კარვის გაშლას, თემირლან მაჩალიკაშვილის ბანერის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მან არ მისცა.

„26 დეკემბერს ორი წელი გახდება, რაც მე აქ ვდგავარ. ამათ თუ შეგნება და ღირსება აქვთ შემორჩენილი, ესენი ჩემს გვერდით არ უნდა იდგნენ. მე დღევანდელ ხელისუფლებას იმას ვთხოვ, რომ აღიარეთ დანაშაული, მეც გამათავისუფლეთ და ეს ხალხიც გაათავისუფლეთ. ამისდა მიუხედავად, ესენი მოდიან პროვოკაციისთვის, პირდაპირ ბანერის წინ ცდილობდნენ კარვის დადგმას“,- განაცხადა მაჩალიკაშილმა.

როგორც „შევინარჩუნე სიცოცხლეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლიკა გამრეკელმა განაცხადა, ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას.

„კარვის გაშლით ვაფიქსირებთ, რომ ამ საზოგადოებასა და საქართველოში ჩვენც ვართ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ვითხოვთ „ნაცების“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები, შვილმკვდარი მშობლები ამას 15 წელია, ითხოვენ. 15 წელია, ითხოვენ იმას, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი აპროტესტებს 2-3 წელია. ჩვენ მისი სოლიდარულებიც ვართ. აქ არ მოსვულვართ იმისთვის, რომ ვინმესთან დაპირისპირება გვინდა ან ძალადობა მოხდეს. ზუსტად იმიტომ ვართ აქ, რათა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენნაირი ახალგაზრდებიც არიან ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სექტა, რომელიც დღეს პარლამენტიდან მორალზე გველაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მარტო არ არიან ამ ქვეყნად, ჩვენც ვართ და ჩვენც ვეუბნებით მათ, რომ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე აუცილებლად წავლენ, როცა დრო მოვა. ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა იყვნენ, რადგან ისინი მკვლელები და ჯალათები არიან“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, შალვა კუჭაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის წევრების მთავარი სათქმელია, რომ ხალხს, რომელიც საზოგადოების სახელით საუბრობს, ამის მორალური უფლება არ აქვთ.

„საზოგადოების ნაწილი ჩვენც ვართ და მიგვაჩნია, რომ ეს ხალხი საზოგადოების სახელით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ პერიმეტრზე არ დავუშვებთ სიტუაციის ესკალაციას, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი სურვილია. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამოდენიმე დაქირავებულ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირს  ეტაპობრივად აქ აგზავნის და ცდილობს, რამე სახით ჩვენი პროვოცირება მოახდინონ. ჩვენ აქ ვართ მშვიდობისთვის და არა ძალადობისთვის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობა არ იქნება“, – განაცხადა შალვა კუჭუხიძემ.