პარლამენტთან მცირე დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს
პარლამენტთან მცირე დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი, მცირე დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს ორი პირი დააკავეს.

პირები, რომლებსაც პარლამენტის შენობის წინ კარვები აქვთ გაშლილი, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

დატოვე კომენტარი