პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას ახლობლები, ასევე მოძრაობა „სირცხვილია“ და „შეცვალე“ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ უსმენს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ პოზიტიური მესიჯი წამოვა დღეს საკანონმდებლო ორგანოდან და მიღებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მესამე მოსმენით უნდა მიიღოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაგვიტოვოს შანსი, რომ არ მივუერთდეთ რუსეთს და დავბრუნდებით ევროპულ ცაზე. 120/30ზე საარჩევნო სისტემა, თითქმის პროპორციული სისტემა, გვიტოვებს ამის შანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც კი ვხედავ მომავალს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ერთის მხრივ. უნდა მიიღონ მესამე მოსმენით და დავბრუნდეთ ევროპულ ორბიტაზე და უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

დატოვე კომენტარი