პარლამენტის შენობასთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
პარლამენტის შენობასთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„სოლიდარობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას“, – ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან უმძიმეს ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებით დაკავებულები.

„ესენი არიან უბრალოდ გაწირული ადამიანები, რომელთაც შეულახეს ღირსება, უმძიმესი ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებით. რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ ლიდერები არ ერიდებიან, რომ გამოძიების გარეშეც შეუძლიათ მოღალატე უწოდონ საკუთარ მოქალაქეს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო. ეს არის ცხადად პოლიტიკური პროცესი, რათა ადამიანებში ტყუილით გააჩინონ შიში, თითქოს რაღაცა დაიკარგა, თითქოს პრობლემა გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს არის ტყუილი. პირიქით, სწორედ ამ პროცესით, ჩვენ ვქმნით პრობლემას, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე დავით გარეჯთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე იმყოფებოდა ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მხვდება და მეუბნება, რომ მხარს გვიჭერენ. მეუბნებიან, რომ სჯერათ ჩემი მეუღლის უდანაშაულობის და მაძლევენ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი გაიმარჯვებს. ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი, ეს არის აგდებული პოლიტიკური პიარისთვის, ხმების მოსაპოვებლად, რათა გააშაონ მეორე ძალა, მაგრამ ამ დროს სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს. მიმაჩნია, რომ ეს სირცხვილია, ეს საქართველოს სირცხვილიც არის, როდესაც ასეთი ამბავი ხდება, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია, რომელიც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ზრუნავდა, თავისი სიპატიოსნით და სიალალით გამორჩეულია, ასეთ ადამიანს ციხეში სვამენ იმის გამო, რომ რაღაც რამოდენიმე ხმა მოიგონ თავიანთი აგორებული პიარის გამო. არ ვიცი, ვის თავში მოიხარშა ეს სიბინძურე, მაგრამ მართალი გითხრათ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რამე მოახერხონ არჩევნებამდე, მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ, ძალიან მეშინია. მეშინია მისი ჯანმრთელობის გამოც, მეშინია ყველაფრის გამო და ძალიან გთხოვთ, რომ მხარში დამიდექით, მადლობას გიხდით“, – განაცხადა თამარ სულაძემ.