პარლამენტის შენობასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძის ნახვა უნდოდათ, სუს-ის აგენტები უწოდეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძის ნახვა უნდოდათ, სუს-ის აგენტები უწოდეს.

აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს ზაზა სარალიძის ტკივილს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დგომა მისთვის მიუღებელია.

„სულით და გულით ვუერთდები ბატონი ზაზას მწუხარებას და სულით და გულივით ვუერთდები ამ აქციას. ჩემი შვილები, ჩემი შვილები და შვილთაშვილები აქ უნდა იყვნენ, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, რომ უნდა ისარგებლონ ბატონი ზაზას სიმწარით და მოვიდნენ ისევ მთავრობაში”, – აღნიშნა აქციაზე მისულმა მოქალაქემ.

ამასთან, პარლამენტის წინ მდგომებმა მას სუს-ის დავალებების შემსრულებელი უწოდეს და თანხის აღებაში დაადანაშაულეს.

„რამდენი გადაგიხადეს? ფული რამდენი მოგცეს, რომ ეს გელაპარაკა”, – მიმართეს აქციის მონაწილეებმა.

აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა აქციის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ შვილმკვდარ მამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

“უკვე მერამდენე დღეა ამ შვილმოკლული მამის გვერდით ვარ, მისი ტრაგედია ჩემთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის არის გულთან ახლოს. ამ ყველაფერმა მიიღო დადგმული სახე, რომელსაც იყენებს “ნაციონალური მოძრაობა”. მათ დახოცეს, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი”, – განაცხადა აქციაზე მისულმა ქალბატონმა.

აქციაზე მისული ქალბატონი სუს-ის დავალებების შესრულებაში დაადანაშაულეს.