პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია სიტყვით გამოსვლებით დაიწყო.

ზაზა სარალიძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ამ დღეებში გაისმის, რომ მე რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივყიდე ჩემი შვილის სული, არ დავუშვებ ამას. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, ქართველებო დამიდექით გვერდით, რათა ამ უსამართლო ქვეყანაში მივაღწიოთ სამართლიანობას“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში არის აქციები და პარლამენტის შენობის წინ იმის გამო არ მიდიან, რომ იქ პოლიტიკოსები დგანან.

„ნუ ცდილობს მთავრობა და სუს-ი, რომ ეს ტრაგედია გააიგივოს პოლიტიკასთან. ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემ უკან – არა პოლიტიკა არასდროს არ იქნება ჩემ უკან. დღეს ისევ ცდილობს სისტემა, რომ მომატყუოს, თითქოს საქმე გამოსაძიებლად გახარიასთან წავა. გახარიას ორი თვის წინ ვემუდარებოდი, მოდი და შემხვდი-თქო. დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება, ვენდო მე მაგათ? დღეს სისტემა უნდა დაინგრეს აუცილებლად. ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს დღეს. კერძო ექსპერტებმა, რომელმაც ფარდა ახადა იმ ჭეშმარიტებას, რასაც მალავდა პროკურატურა და სამხარაული, დღეს მაია ნიკოლეიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა გამოაცხადეს. დევნიან მაია ნიკოლეიშვილს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ტრიბუნასთან 2012 წელს დაღუპული ახალშობილის, ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილიც გამოჩნდა.

„დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზსა და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. მათი შვილების მსგავსად, ჩემი შვილი 2012 წლის 30 სექტემბერს მოკლეს სასტიკად. მე ექვსი წელია, ვეძებ სამართალს და ვერ ვიპოვე ამ უსამართლო ქვეყანაში. მე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. ტყუილად შედეს ჩვენი საქმეები თაროებზე. მოდით დებო, ძმებო, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და გამოვიძიოთ. მე მყავს შვილები და არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ, ამოვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, – განაცხადა თათია მექერიშვილმა.

აქციის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.

აქცია პარლამენტთან

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 1 ივნისი, პარასკევი