პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს
პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომელზეც 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე შეიკრიბნენ ის მოქალაქეები, რომლებიც აქციის დაშლის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ. შეკრებილებმა სანთლებით გამოსახეს 26 მაისი და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერ და დაუნდობელ ძალას ვებრძოდით ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა იმ სისასტიკის წარმოდგენა, რაც აქ 2011 წელს მოხდა, ნამდვილად წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც არ შეუშინდა მაშინ სააკაშვილის რეჟიმს. ამ ადამიანებს, როგორც გარდაცვლილებს, ასევე ცოცხლებს, ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.