პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირაში განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს, პირველ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება, თუმცა მანამდე, 31 აგვისტოს ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება. მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების ფორმატში ამ დრომდე არ მოუსმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშებიც, რომლებიც უწყებებმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის წარმართვას ვადების დაცვით გეგმავს. ამ მიზნით, პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება. საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობის წარმართვას კი, ჩვეულ რეჟიმში აპირებენ, რადგან პირველ ოქტომბერს პარლამენტს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც წესისამებრ, საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს, თუმცა მანამდე დოკუმენტის გადამუშავება რამდენჯერმე ხდება.