პარლამენტის სასახლეში ბანერის, პოსტერის, ხმის გამაძლიერებლისა და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება
პარლამენტის სასახლეში ბანერის, პოსტერის, ხმის გამაძლიერებლისა და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება

პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ისეთი ნივთების შეტანა, როგორებიცაა ბანერი, პოსტერი, ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობები, დაუშვებელი იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს – შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ბრძანების მიხედვით, პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს.

დოკუმენტის თანახმად, ვიზიტორს აეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.

ამასთან, ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორს, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია ეკრძალება.

ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნებათ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინონ.

ბრძანების თანახმად, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა ერთ წლამდე ვადით შეუზღუდოს.