პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა სხდომის გადადების მიზეზი არის ის, რომ დეპუტატები დღეს სხდომაზე არ გამოცხადნენ.

როგორც ცნობილია, დღეს კომიტეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ იმ 52 ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ამ საკითხის განხილვის მიზეზი არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი იმის თაობაზე, თუკი დეპუტატი ოთხი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს აცდენს და ამის ოფიციალური მიზეზი არ არსებობს, მაშინ უნდა დადგეს დღის წესრიგში მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტეს და ისინი საკანონდებლო ორგანოში შევიდნენ, ეს საკითხი მაინც უნდა განხილულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა გადაიდო. სხდომის ჩატარება მომავალ კვირას იგეგმება.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გადაიდო, ის მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება. ვფიქრობ, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში კომიტეტი თავის დასკვნას მოამზადებს და პლენარულ სხდომას გადასცემს. პარლამენტი თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მიიღებს გადაწყვეტილებას. კომიტეტის სხდომაზე წევრები არც ოპოზიციიდან და არც უმრავლესობიდან არ მივიდნენ. ასეთ რამ ხდება, როცა კომიტეტის სხდომის გადადება ხდება ხოლმე. კომიტეტი ჩატარდება დღეს თუ ხვალ, საკითხი აუცილებლად გავა პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სხდომაზე დასწრების მიზნით, იაგო ხვიჩია და პაატა მანჯგალაძე მივიდნენ.