პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დღეს იმსჯელებს. ამ საკითხის განხილვის მიზნით დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე მოხდება.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გამოითხოვა განაჩენი საქალაქო სასამართლოდან. ეს განაჩენი არის ჩვენს კომიტეტში. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრს, თუ იგი ცნობილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ, უფლებამოსილება, როგორც პარლამენტის დეპუტატს, უწყდება. რეგლამენტის თანახმად, 15 დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია, განვიხილოთ ეს საკითხი და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნოთ ბიუროს, რათა კენჭისყრაზე დადგეს პარლამენტის წევრის, რომელიც ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები უკანონოს უწოდებენ.

დღესვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ზოიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.