პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის რეგისტრაციაზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის რეგისტრაციაზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე დღეს იმსჯელებს. ფრაქცია 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, მიმდინარე კვირიდან საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩაერთვებიან, მათ შორის იმ კანონპროექტების განხილვაშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, რაც შეეხება ამნისტიის კანონს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ობოლაძის ​თქმით, აღნიშნულ კანონპროექტზე პარტიის პოზიცია ცნობილია.

„ნაციონალური მოძრაობა აპირებს, ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, რათა ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და მათ შორის, შემოდგომაზე დანიშნულ რეფერენდუმზე შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ ან ხელისუფლებასთან ძალაუფლების გაყოფას, პრივილეგიების გაყოფას, ჩვენ შევდივართ პარლამენტში, რათა ერთად გამოვიდეთ იმ პარლამენტიდან, ერთად გამოვიდეს ყველა, ვინც შესულია და საბოლოო ჯამში, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, მთავარი კითხვა თუ იქნება, რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამ ბრძოლისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, მათ შორის, ვიყენებთ ამ საპარლამენტო მანდატებს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტებში, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, განხილვაში ჩაერთოს. ჩვენ ჩავერთვებით იმ კანონპროექტების განხილვაშიც, მათ შორის, რასაც ითვალისწინებს შარლ მიშელის შეთანხმება. იმ ყველა ნაწილში, რაც ქვეყნისთვის არის პოზიტიური. რაც შეეხება ამნისტიის ნაწილს, ამნისტიაზე ჩვენი მოსაზრებები იცის საზოგადოებამ და ჩვენმა ევროპელმა მეზობლებმა. ამნისტია იმ სახით, რა სახითაც იღებს ხელისუფლება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვაში ჩავერთვებით და ვიტყვით, რომ ეს არის როგორც ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების არშესრულება, ასევე ევროპელი მეგობრების დაპირების არშესრულება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტს.