პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენით დღეს დაიხურება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია ყოველი წლის თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

საგაზაფხულო სესიას დადებითად აფასებენ დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი მათ მთავარ მიღწევად საარჩევნო რეფორმას მიიჩნევს.

„საგაზაფხულო სესია სრულდება. პირველად ვართ მეც და ლევან იოსელიანიც პარლამენტის წევრები. პირველი სესია იყო ჩვენთვის. ჩვენი ძალისხმევით უკმაყოფილოები არ ვართ. პირველი, რაც ვთქვით და რის ფასადაც შემოვედით, რასაც დიდი ქილიკი მოჰყვა, რომ ვერ გავიტანდით და „ქართული ოცნება“ გადაგვაგდებდა, ეს არის საარჩევნო საკითხი, რომელიც სესიაზე გავიდა. მეორე გავა ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან სანქციების გამკაცრების საკითხი. გადის და გავიტანეთ პენსიების საკითხს და „ლიბერთი ბანკთან“ ვწყვეტთ კონტრაქტს. ამით გაცილებით მეტი ხეირი ექნება მოსახლეობას. ასევე აქტიურად ვიყავით სხვა საკითხებში ჩართული და იმედი გვაქვს, რომ ყოველი ახალი სესია იქნება იმაზე უფრო ნაყოფიერი, ვიდრე იყო საგაზაფხულო, მაინც დიდი პოლიტიკური რყევების გავლენის გამო“, – ალეკო ელისაშვილი

საგაზაფხულო სესიას წარმატებულად აფასებენ მმართველ გუნდშიც. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ხაზგასასმელია, რომ საგაზაფხულო სესია ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით სრულდება.

„პრემიერის ანგარიშით საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესია რეგლამენტის შესაბამისად სრულდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საგაზაფხულო სესიაზე ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საქართველოს პარლამენტმა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართა ისე, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ საგაზაფხულო სესიაზე დაიწყო აქტიურად საპარლამენტო საქმიანობა. ეს საკმაო მიღწევა იყო. ასევე, საკანონმდებლო დონეზე, ბევრი პოზიტიური ცვლილება მივიღეთ კანონმდებლობაში, მათ შორის მართლმსაჯულების გაუმჯობესების კუთხით იყო ცვლილებები მიღებული. ასევე იყო საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილებები და ბევრი სხვა კანონმდებლობა იქნა შეცვლილი, რათა გაუმჯობესებულიყო საქართველოს საზოგადოების მდგომარეობა. საქმიანობას უკვე საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.