პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში საქართველოს ელჩებს მოუსმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში საქართველოს ელჩებს მოუსმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში საქართველოს ელჩებს მოუსმინეს.

როგორც აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და საკმაოდ დატვირთულია.

„2023 წელი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იყო საკმაოდ დახუნძლული, დატვირთული. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. დინამიკურად ვითარდება ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ წელს ვხურავთ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, ერთ მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე არის საინვესტიციო, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენს დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. საუბარია შუა დერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

„თურქეთი ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად, ლიდერი სახელმწიფოა საქართველოსთან მიმართებით. ჯერ დათვლილია 11 თვე და სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად ორი მილიარდ 750 მილიონია და სამ მილიარდს ვუახლოვდებით. ტურისტთა მიმართებით სტატისტიკა ძალიან მაღალია. უკვე ბოლო დეკადაა და მილიონზე მეტი ვიზიტორია თურქეთიდან, ინვესტიციების განხრითაც ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა. წელს სავარაუდოდ მეოთხე პოზიციას იკავებს, 170 მილიონ დოლარამდე. ზოგადად, სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, 2005 წლიდან, პრაქტიკულად, ორ მილიარდზე მეტია ინვესტირებული თურქეთის ეკონომიკიდან, თურქეთიდან საქართველოში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება, ასევე ორ ქვეყანას შორის ვიზიტები, მიმოსვლები და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, უმაღლეს მწვერვალს მიაღწია“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ამასთან, კომიტეტის სხდომაზე სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„ორივე მხარეს ყოველ ჯერზე გვიწევს ერთი და იგივე ფრაზის გამოყენება, რომ ჩვენი ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა და მართლაც ესეა. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში ბევრი უმაღლესი დონის ვიზიტი იყო. დიდი ზრდა გვაქვს ეკონომიკურ კავშირებში, მილიარდს გადააჭარბა სავაჭრო ბრუნვამ. აქაც მაქსიმუმი გვაქვს. დიდი რაოდენობით ვიზიტორები და ტურისტები ჩამოდიან სომხეთიდან. შარშანდელთან შედარებით, 41 პროცენტით გაიზარდა სომხეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. ბევრი მრავალმხრივი პროექტია, მათ შორის არის ენერგეტიკის, ვაჭრობის პროექტები, რომლებიც გადის ინტენსიფიკაციას. მიმართულება, რომელიც ძალიან ინტენსიურად ვითარდება, არის ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შედგენა. განათლების მიმართულებითაც ინტენსიური კონტაქტები გვაქვს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში იანვარში გაიხსნება ქართველოლოგიური ცენტრი. ეს პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ჩვენს განათლების სამინისტროს ინტენსიური კავშირები აქვს სომხეთის განათლების სამინისტროსთან. ვმუშაობთ სახელმძღვანელოებზე, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანიდან. ასევე ქალაქ დილიჟანში უკვე ჩატარდა კულინარიული ფესტივალი „მიმინო“, სადაც მონაწილეობა მიიღო ბევრმა გასტრონომმა საქართველოდან და სომხეთიდან. შემდეგი იქნება თელავი, რომელიც უმასპინძლებს „მიმინოს“ და იქნება ყოველწლიური ფორმატი, რომელიც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.