პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს მოუსმენს.

ზურაბ აბაშიძე დეპუტატებს რუსეთთან დიალოგის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

სხდომაზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არაღიარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, მსგავსი საკომიტეტო მოსმენები მნიშვნელოვანია, რათა კომიტეტს სრული ინფორმაცია ჰქონდეს და  შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკა ყველასთვის არის ცნობილი. ეს ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ თემატურ მოსმენებს კომიტეტში ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სამშვიდობო ინიციატივები, რათა გვქონდეს ზუსტი სურათი და ჩვენი კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ რუსეთის დესტრუქციული ქმედების ფონზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესებს ხელი ეშლება ამ ქმედებების გამო, რაზეც გვაქვს მკაფიო პოზიცია და ყველანაირად ვუწყობთ ხელს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და სამშვიდობო პროცესებს ამ დესტრუქციული ქმედების ფონზე“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელი სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.