პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დანიას ეწვია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დანიას ეწვია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბერტელ ჰორდერს და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიურ მხარეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე და ქართულ დელეგაციას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე მხარდაჭერა აღუთქვეს.

დანიელმა კანონმდებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებენ და გააძლიერებენ ორმხრივ საპარლამენტო კავშირებს.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელ კრისტიან ფიშერთან, ინსტიტუტის მკვლევრებთან და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორ ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მოლოდინზე. დანიელმა მკვლევრებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის, უდიდესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებით დაინტერესდნენ.

„მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით დანიელ კანონმდებლებს და დანიის გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენი ხედვა რეგიონში არსებული რთული ვითარების და სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინის შესახებ. აგრეთვე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. დანიელმა კანონმდებლებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით ზილფიმიანი არიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.