პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვას იწყებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვას იწყებს. დოკუმენტში თავმოყრილ საკითხებს დღეს კომიტეტის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორი და საექსპერტო წრეები განიხილავენ. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, დოკუმენტი ქმედითი იქნება და მეტი კოორდინაციისა და თანმიმდევრულობის შესაძლებლობას გააჩენს.

“სტრატეგიაში იქნება ასახული ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც საგარეო პოლიტიკას შეეხება.  UNDP-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით, დიდი ხანი ვმუშაობდით და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გვექნება სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. “-აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

“მოამბის” კითხვაზე, იქნება თუ არა დოკუმენტში რაიმე სახით ასახული ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ პასუხად აღნიშნა, რომ მსგავსი დეტალები დოკუმენტში ჯერ არ ასახულა, თუმცა ტექსტში დეოკუპაციის თემას დიდი ადგილი უჭირავს.

სტრატეგიის შემუშავებაში ოპოზიციაც იყო ჩართული, “ევროპულ საქართველოში” მთავარ აქცენტს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსვლასა და მოსმენის აუცილებლობაზე აკეთებენ, რაც ახალი დოკუმენტის სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული.

“სამწუხაროდ, როდესაც  ოთხოზორიას საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში ვითხოვდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლას, ტატუნაშვილის ამბავი ჯერ არ იყო მომხდარი. მინისტრმა  პასუხიც არ გაგვცა, რაც კანონის დარღვევაა. რეგლამენტს კანონის ძალა აქვს, მინისტრები ვალდებულნი არიან მოვიდნენ, როცა უმცირესობა ან უმრავლესობა მათ პარლამენტში იწვევს. იმედი მაქვს ამ შემთხვევაში მაინც, თავს არ აარიდებენ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოსვლას, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი”,–აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

საგარეო სტრატეგიის ახალი დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, განხილვების დასრულების შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საგარეო კომიტეტი საგარეო სტრატეგიას მიიღებს.