პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პაატა დავითაიას უსმენენ
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, პაატა დავითაიას უსმენენ. პაატა დავითაია მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
პაატა დავითაიას თქმით, 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, ძალიან სერიოზულად იდგა საკითხი, რომ რამდენიმე საკითხის გამორკვევა ამ მიმართულებით დაწყებულიყო.
„პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა. მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი. ოპოზიცია ყველა სესიაზე აყენებდა საკითხს, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. მოხდა შეჯერება საპარლამენტო კომისიაზე, რადგან მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. შესაბამისად, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა – საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.