პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მთავარი კითხვები „თიბისი ბანკის“ აქციონერებთან პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კითხვებს ასევე ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებითაც დაუსვამს. საპარლამენტო უმცირესობა კი საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ელოდება.

„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. მოვუწოდებ ოპოზიციას, არ დადგან მორიგი სპექტაკლი და მოგვეცეს შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში მოვუსმინოთ პასუხებს იმ თემაზე, რომელზეც არსებობს ბევრი კითხვა როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიაში. მეც მაქვს, რა თქმა უნდა, მათთან კონკრეტული კითხვები. ეს არ არის პოლიტიზებული პროცესი, ეს არის ჩვეულებრივი ქეისი და ამის პოლიტიზებას საერთოდ არ აქვს არანაირი საფუძველი, რადგან „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ბიზნესზე რეკეტი. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა და ამიტომ ხშირად გვესმის ოპოზიციისგან ასეთი პოზიცია“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მსჯელობა 26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, სადაც საკითხზე მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უნდა ყოფილიყო. კომიტეტში ასევე მიწვეულნი იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენა არ შედგა.

დატოვე კომენტარი