პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები, რომლებიც საქართველოში პარამედიკოსის ინსტიტუტის დანერგვას და განვითარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კანონში დაზუსტებულია პარამედიკოსის განმარტება. ეს არის შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელმაც დამატებით უნდა გაიაროს სპეციალური კურსი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის გადაუდებელი საჭიროებების, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაზეც მიუთითებს ის, რომ მსოფლიოს ბევრ წარმატებულ ქვეყანაში პარამედიკოსის ინსტიტუტი წარმატებულად მუშაობს 60-იანი წლების ბოლოდან და ექიმამდელი დახმარების აღმოჩენა ძალიან სწრაფად და ეფექტურად შეუძლია შესაფერისი განათლების და ტრენინგის შემდეგ პირს, რომელსაც პარამედიკოსს უწოდებენ, ამ ინსტიტუტის საქართველოში შემოღებაც მიზანშეწონილი გახდა“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ პარამედიკოსების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ოპტიმალურ დროში მოხდება, რეაგირების დრო სხვა გამოძახებების შემთხვევაში შემცირდება, ვინაიდან პარამედიკოსით დაკომპლექტებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყოფს პირველად გადაუდებელ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ტრანსპორტირებას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მომსახურების დასრულებისთანავე ბრიგადა მზადყოფნაში იქნება ახალი გამოძახებისთვის და შედეგად, მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდება.

კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.