პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. გვენეტაძე დეპუტატების წინაშე 2020 წლის ანგარიშით წარდგება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადების, წლიური ანგარიშის განხილვის დროს საუბარი შეეხება ყველა იმ მიმართულებას, რომელზეც ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი. მათ შორის არის საბანკო ზედამხედველობა, მაკროეკონომიკა და არასაფინანსო სექტორი.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ასევე იქნება შეკითხვები ლარის კურსსა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 11 საკითხი გვაქვს და მათ შორის არის ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში. ეს მოიცავს მთელ სექტორს, საფინანსო სექტორის ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი – ეს არის საბანკო ზედამხედველობა, მაკროეკონომიკა, არასაფინანსო სექტორი, უპირველეს ყოვლისა, ეს არის კაპიტალის საკმარისობა, კაპიტალის ბუფერები. ყველა ეს მიმართულება, რომელიც საინტერესოა, როგორც კომერციული საბანკო სექტორისათვის, ასევე არასაბანკო მიმართულებისათვის და რაც საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ეს იქნება ლარის კურსი, ლარის დევალვაცია, ისევე როგორც ლარის სწრაფი გამყარება; ასევე ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, რადგან ბოლო პერიოდში ფასების ზრდა არის და ყველა ამ მიმართულებით იქნება შეკითხვები. შეკითხვები ექნებათ, როგორც უმრავლესობის წევრებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და ველოდებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისაგან ადეკვატურ პასუხებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დატოვე კომენტარი