პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

ცნობილია, რომ კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება.

ნორმატიული აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული.

მმართველ პარტიის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში დაცულია ოქროს შუალედი, გათვალისწინებულია როგორც მსჯავრდებულთა, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჰუმანური აქტი არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებს.

„მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამნისტიის აქტი ზოგადად საჭიროებს იმას, რომ აუცილებლად დაცული უნდა იყოს ერთი მხრივ მსჯავრდებულების ინტერესები და მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოების რისკები. ჩვენ შევძელით და ეს ბალანსი ამ კანონპროექტში არის დაცული. როგორც პირველ, ასევე მეორე მოსმენაზე ძალიან ბევრი დეპუტატი და არა მხოლოდ, მათ შორის, არასამთავრობოები იყვნენ ჩართულები, როგორც იურიდიულ კომიტეტზე განხილვის დროს, ასევე სესიაზე განხილვის დროს და გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნორმატიული აქტი იმოქმედებს პოზიტიურად მსჯავრდებულებისთვის, რადგან ისინი ვადაზე ადრე დაუბრუნდებიან ოჯახებს და საზოგადოებას. მეორე მხრივ, ასევე დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების რისკები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერაც ექნება.

ამნისტიის აქტზე დეპუტატებთან ერთად მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორი და საპატრიარქოს წარმომადგენლები მუშაობდნენ.