პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეგლამენტში ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება იგეგმება, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურები იხვეწება.

აღნიშნული პროექტი 225 მუხლისგან შედგება და მასზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მარტივდება, დაწეული იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო კვორუმი, დამკვიდრდება ინტერპელაციის ინსტიტუტი, მკაფიოდ განისაზღვრება პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის მოხსენების ვალდებულება, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების დაბარების საკითხები და ა.შ.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიის ფორმატში იგეგმება, საბოლოო დამტკიცება კი, საშემოდგომო სესიაზე.

საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის რეფორმა 2010 წელს განხორციელდა, რომელიც ძალაში 2012 წელს შევიდა, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არსებული რეგლამენტის ძირითადი ხარვეზებია – უფუნქციო ნორმები; ხარისხის ნაცვლად, სისწრაფეზე ორიენტირება; დუბლირება და კოლიზიები; ასევე კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შეუსაბამობა.

 

დატოვე კომენტარი