პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის ინიცირება 4 ივნისს იგეგმება
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის ინიცირება 4 ივნისს იგეგმება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე 4 ივნისს იგეგმება.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურები იხვეწება.

აღნიშნული პროექტი 225 მუხლისგან შედგება და მასზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცვლილებებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მარტივდება, დაწეულ იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო კვორუმი, დამკვიდრდება ინტერპელაციის ინსტიტუტი, მკაფიოდ განისაზღვრება პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის მოხსენების ვალდებულება, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების დაბარების საკითხები და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის რეფორმა 2010 წელს განხორციელდა, რომელიც 2012 წელს შევიდა ძალაში, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არსებულ რეგლამენტში ხარვეზებია, ძირითადად ესენია – უფუნქციო ნორმები; ხარისხის ნაცვლად, სისწრაფეზე ორიენტირება; დუბლირება და კოლიზიები; ასევე კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შეუსაბამობა.