პარლამენტის პლენარული სხდომები სურდო თარგმანით გადაიცემა
პარლამენტის პლენარული სხდომები სურდო თარგმანით გადაიცემა

საქართველოს პარლამენტი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მეტად ხელმისაწვდომი ხდება. საკანონმდებლო ორგანოში, ამ მიმართულებით, კიდევ ერთი სიახლე დაინერგა. პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცემა და იქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ისარგებლონ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

პარლამენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, სადაც აპარატის თანამშრომლებს ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესწავლის მიზნით ტრენინგები უტარდებათ. პარლამენტის შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირება.