პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიხედვით, დახურულ სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება და კანონის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო თანხა ფიზიკური პირისთვის 20 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარი.

რეგულაციები გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზეც.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ამისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს წესი, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციას, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა არ მოახდინონ ამ წესის უგულებელყოფა. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს, დაიცვას ეს წესები, თუმცა სამწუხაროდ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე არღვევს ამ წესს. საჭიროა, ერთის მხრივ მათ ვუთხრათ, რომ არსებობს ამისთვის მექანიზმი რეაგირების და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუმცა არის ამისთვის სანქცია; პირბადის ტარების წესი თუ არ იქნება დაცული, მაშინ გათვალისწინებული იქნება დახურულ საჯარო სივრცეში 20-ლარიანი ჯარიმა. გარდა ამისა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებისთვის; როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს ევალება პირბადის ტარება. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ყველამ გავითვალისწინოთ, რომ როგორც სავაჭრო ქსელებში, ასევე სხვადასხვა მომსახურების თუ სერვისის მიღების დროს, ვიწრო სივრცეებში არის იმის რისკი, რომ ამ სოციალური კონტაქტით მოხდეს დაავადების გავრცელება თუ პირს პირბადე არ ექნება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ პირბადეები ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ და დღევანდელ სესიას არ დაესწრებიან.

დატოვე კომენტარი