პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატზე, თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არის სექსისტური, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ხატია დეკანოიძის მსგავსად, კოლეგები დაიცვა იაგო ხვიჩიამ, მან მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატის მიმართ ბოდიში მოიხადოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პედესტალიდან ნუ ისაუბრებს. სპიკერმა ისიც თქვა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე თავად იღებს შენიშვნას, ვინაიდან დეპუტატისთვის გამოსვლა დროულად უნდა შეეწყვეტინებინა.

ამ განცხადებების შემდეგ სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება იყო იაგო ხვიჩიას, ირაკლი ქადაგიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის.