პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აღარ განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აღარ განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს აღარ განიხილავენ. საკითხი მამუკა მდინარაძის მოთხოვნითა და ინიციატორის, ანრი ოხანაშვილის თანხმობით გადაიდო. მათი განცხადებით, საკითხის განხილვას აუცილებელია, დაესწრონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები

„როგორც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ არ არიან დარბაზში. არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, აღარ გადავალ პოლიტიკურ შეფასებებზე. ფაქტია,რომ აქ არ არიან. ჩვენ დღეს ამნისტია უნდა გავიაროთ. მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ და მანამდე ჩვენ გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბრები გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით იქნებ შევთანხმებულიყავით, თუმცა ეს შეთანხმება სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ არგუმენტებსაც რომ თავი დავანებოთ, იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს ეხება მათ შორის ამნისტიის პროექტი, მათი მონაწილეობის გარეშე არ მგონია რომ სწორი იყოს. დაველოდოთ და მათი არგუმენტები მოვისმინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხის გადადება ინიციატორის გადასაწყვეტია, თუმცა კოლეგებს შესთავაზა, გადაწყვეტილება შესვენების მერე სხდომის განახლებისას მიეღოთ.

„გთავაზობთ, ჩვენ მესამე მოსმენების შემდეგ შესვენებაზე გავალთ, შემდეგ განვაახლებთ სხდომას და იმის მიხედვით, იქნებიან თუ არა ხელმეორედ შეგიძლიათ დააყენოთ ეს საკითხი, თუ გნებავთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესია პარლამენტმა დღის წესრიგი განსაზღვროს და ვინმეს მისვლა-არმისვლაზე არ იყოს დამოკიდებული.

„დღის წესრიგი განვსაზღვროთ ბატონო თავმჯდომარევ. მე ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩამოვკიდებთ გადაწყვეტილების მიღებას იმაზე, ისინი შემოვლენ თუ არა. დღის წესრიგი განვსაზღვროთ და პარლამენტის პროტოკოლი და ღირსება დავიცვათ. რადგან არ არიან, მათაც იგრძნონ პასუხისმგებლობა და გადავდოთ ეს საკითხი, მობრძანდნენ კეთილი ინებონ. ახლა ვიღაცა 50 კაცი შეიკრიბა გარეთ, შეეშინდათ და არ შემოვიდნენ, ამაზე საკითხების განხილვა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში დამოკიდებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ​.

საკითხის გადადებას მხარი ანრი ოხანაშვილმაც დაუჭირა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია.

„ვფიქრობ, რომ სავსებით სამართლიანი და სწორი მოსაზრება დააფიქსირა ბატონმა მამუკამ და რა თქმა უნდა ვიზიარებ და მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხი გადავდოთ“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებისკენ მოუწოდა.

დეპუტატებმა ხელის აწევით დააფიქსირეს თანხმობა საკითხის გადადებასთან დაკავშირებით.