პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გააცნობს.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და სამხედროებს.

„ყველა ჩვენი წინადადება, შენიშვნა, რეკომენდაცია არის ძალაში. ბიუჯეტის პროექტი შემოიტანეს უცვლელად, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა ძალაში დატოვა ყველა ის წინადადება და შენიშვნა, რაც იყო პირველადი განხილვის დროს. ვფიქრობ, სესიაზე ის რეკომენდაციები იქნება გამეორებული, რაც ადრე გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პროდუქტებზე ფასების ზრდასა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.