პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატის შესაძლოა, გაფართოვდეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატის შესაძლოა, გაფართოვდეს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ნდობის ჯგუფის მანდატის მნიშვნელოვნად გაფართოებას ითვალისწინებს.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფს წვდომა უნდა ჰქონდეს ისეთ საქმეებთანაც, რომელთაც საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. ამის შესახებ დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

„პროექტში ნდობის ჯგუფის მანდატი გაფართოებული სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქს ჩანაწერი, რომ არამხოლოდ საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა გავრცელდეს ნდობის ჯგუფის მანდატი, არამედ ასევე იმ საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რომელსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი. ნდობის ჯგუფის წევრებს ეძლევათ დამატებითი მანდატი, რათა განახორციელონ ვიზიტები უწყებებში და ადგილზე გაეცნონ მდგომარეობას. ეს ფაქტობრივად ყველა პარლამენტში არსებობს, განვითარებულ პარლამენტებს ვგულისხმობ და საკმაოდ აქტიურად იყენებენ. ნდობის ჯგუფის მანდატის ფარგლებში უსაფრთხოების სამსახურს აქვს ვალდებულება, წარმოუდგინოს წლიური ანგარიში უშუალოდ ნდობის ჯგუფს. ანუ ერთი ანგარიში არის ღია ანგარიში, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური წარმოუდგენს მთლიანად პარლამენტს, მაგრამ უკვე საიდუმლო ნაწილზე წლიური ანგარიში ამ უწყებებმა უნდა მიაწოდონ ნდობის ჯგუფის წევრებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იქმნება ძალიან ბევრი კონფიდენციალური გრიფით საიდუმლო ნორმატიული აქტი, რომელიც საჯარო არ არის. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნდობის ჯგუფის წევრებს ამ ინფორმაციასთან დაშვება უნდა ჰქონდეთ.

„დღეს არსებული კანონმდებლობით საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაციის წარმოდგენა ვრცელდება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროზე, მაგრამ არ ვრცელდება უსაფრთხოების სამსახურზე და რამდენიმე სხვა უწყებაზე. ამ პროექტით მათზეც გავრცელდება ვალდებულება, რომ იმ შესყიდვების შესახებ, რომელსაც განახორციელებენ, ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ნდობის ჯფუფთან დაკავშირებით ამ დრომდე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მათ შორის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორისაც.

„ნდობის ჯგუფის თემაზე განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან არის ძალიან დიდი ინტერესი. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. უსაფრთხოების სექტორში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობას სჭირდება გაძლიერება და ეს არის ფაქტი. თუმცა როგორ მოხდება გაძლიერება, ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი მსჯელობა, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, ძალიან ბევრი დისკუსია და მეც, ჩვენც, მათ შორის სამუშაო ჯგუფსაც გვაქვს სხვადასხვა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რაც იყო აუცილებელი და რაც თავად უწყებების მხრიდან მომდინარეობდა, იყო ის, რომ ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჩამონათვალი უწყებებისა, რომლებიც მოიაზრება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. ამ სფეროზე კონტროლის მანდატი აქვს პირველ რიგში ნდობის ჯგუფს, რომელიც არის საკმაოდ მცირე ჯგუფი პარლამენტის წევრებისა, რომელთაც განსაკუთრებული დაშვება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან და რომელთა ხელშიც არის განსაკუთრებული ინსტრუმენტი ამ მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების. თუმცა, დღეს ეს ყველაფერი შემოიფარგლება ერთი რაღაცით. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაციის მიღება და ამის მიღმა ფაქტობრივად ბევრი არაფერი ნდობის ჯგუფამდე არ მოდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.