პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია 25-29 ივნისს გაიმართება.

სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დაესწრება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში. გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე გამართულ დებატებში.

საზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.