პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასესიო შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულება; ასევე, ევროპის არასტაბილურ რეგიონებში, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო წარმომადგენლების შეუზღუდავი წვდომა. განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორიცაა პარლამენტების როლი წარმატებული დეცენტრალიზაციის საქმეში, მიგრაცია გენდერულ ჭრილში და ქალთა როლი ინტეგრაციის პროცესში.

სასესიო კვირეულის ფარგლებში, 9 ოქტომბერს ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის სახელით ორგანიზებულ საზეიმო მიღებას უმასპინძლებს, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ 8000-წლოვანი ისტორიის მქონე ქართული ქვევრის ღვინო, ასევე ტრადიციული კერძები და ტკბილეული.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომელზეც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.