პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პოეტ დავით მაღრაძესთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პოეტ დავით მაღრაძესთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრებმა შეხვედრა გამართეს პოეტ დავით მაღრაძესთან.

შეხვედრაზე პოეტის შემოქმედების ბოლო წლებში გამოცემული წიგნები მიმოიხილეს და კავკასიური პროექტის ფარგლებში აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული მისი ლექსების მნიშვნელობა აღნიშნეს.

დავით მაღრაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტსა და მის თავმჯდომარეს მისი ბოლოდროინდელი საქმიანობით დაინტერესებისთვის.

„მინდა, მადლობა ვუთხრა საპარლამენტო კულტურის კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საქმიანობით დაინტერესდნენ. განსაკუთრებით, ეს ეხება ჩემი წიგნის აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ თარგმანს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურმა აფხაზებმა, ოსებმა და ჩერქეზებმა თარგმნეს ეს წიგნი და გამოიცა იორდანიაში. დღეს პარლამენტის წევრებთან ამ თემაზე იყო საუბარი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ლირიკა არაა, უფრო საქვეყნო საქმეს ჰგავს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მოხარული ვართ, რომ დავით მაღრაძე კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში მოვიწვიეთ და ბოლო პერიოდის მის მიღწევებზე ვისაუბრეთ. პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციების გამო, ვერ შევძელით მეტად გაგვეფართოებინა მასშტაბი, მაგრამ გაზაფხულისთვის ალბათ ამისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, კულტურის კომიტეტის დანიშნულებაც ისაა, შევძლოთ ფორმატების გაფართოება და არა მხოლოდ ოფიციალურ და კანონმდებლობით საქმიანობებზე ვიმუშაოთ, არამედ თვალსაჩინო წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ კომიტეტში. მათთან შეხვედრა ასეთ ახლო ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია. რეგულარული შეხვედრები გვექნება, როდესაც იქნება კულტურის დღეები. ამ ფორმატში ბატონი დავითი, ვფიქრობ, ჩვენთან ერთად იქნება და ყველა ფორმატში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ.