პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით ზუსტდება მედიკამენტებზე რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი, ასევე, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე დამატებული განსხვავებული შეფუთვა-მარკირების პროდუქტების რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლები.

„პირველი მოსმენის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შენიშვნები, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა ვადების გახანგრძლივების საკითხს, გაგვეთვალისწინებინა. კანონპროექტით გათვალისწინებულია ვადების გახანგრძლივება სხვადასხვა პროცედურული წარმოებისთვის, მათ შორის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისთვის, ასევე ცვლილებების რეგისტრაციისთვის, პარალელური იმპორტის პროცესში რეგისტრაციისთვის. დღეს დადგენილ ვადებთან შედარებით გარკვეულწილად გახანგრძლივებულ ვადებზე შევჯერდით და მეორე მოსმენით იქნება უკვე განხილული ეს შენიშვნები, შემდეგ კორექტირებული ვარიანტი და ასევე ის პროცედურული საკითხები, რომელიც უკავშირდება აღიარებითი რეჟიმით ქვეყანაში შემოსული მედიკამენტების რეგისტრაციის შეჩერებას.

არის გარკვეული მომენტები, როდესაც ევროპის მარეგულირებელი ან ამერიკის მარეგულირებელი ან სხვა ქვეყნის მარეგულირებელი აყენებს საკითხს მედიკამენტის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ. ჩვენ აქამდე არ გვქონდა ეს პროცედურა კანონმდებლობით გაწერილი და ახლა კანონში ცვლილება მოგვცემს უკვე იმის საშუალებას, რომ იყოს ცალსახა, მკაფიო პროცედურა, რათა თუ ასეთი სიგნალი მოვიდა მედიკამენტის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, მისი რეგისტრაცია შეჩერდება, ვიდრე არ აღმოიფხვრება რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი. ასევე, დაზუსტდება ორი განმარტება ფარმაცევტული პროდუქტისა და ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რაც ასევე უკავშირდება მეტად პროცედურულ წარმოებას, ვიდრე კონცეპტუალურ ცვლილებას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.