პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სოფიო კილაძე და ლევან კობერიძე ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, რაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მთავრობას გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, სიტყვით გამოსვლისას ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აპროტესტებდეს.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, როდესაც არ მოვისმინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, პროტესტი, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მომისმენია, შეიძლება ახლა მოვისმინო, რადგან სხდომაზე არის შემოსული სავარაუდოდ, თავის პროტესტს გამოთქვამს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ეს კანონი სწორედ იმ პრინციპებთან, რასაც ჰქვია, უკანონოდ გადაეცეს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებები დღეს მთავრობას“,  – განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ნამუსი არა გაქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა სოფიო კილაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს მას შემდეგ, რაც ლევან კობერიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

კილაძის ამ განცხადებას სხდომაზე კამათი მოჰყვა.

„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია? მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენსკენ მოიკითხე მაშინ, რა ნამუსი ხომ არ მაქვს, ვერ გავიგე. რა სიტყვებია, ვერ გავიგე. ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ხარ და შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს.

„სკანდალი გინდა ეტყობა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მოგეყენებინა. ყოველდღე აქ ვარ, გვიანობამდე ვმუშაობთ კიდეც და შენგან განსხვავებით საქმესაც ვაკეთებთ“, – უპასუხა კილაძემ კობერიძეს.