პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშს მოისმენენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების 2019 წლის ანგარიშს დღეს წარადგენს. თამარ ბარკალაია ამ კუთხით მნიშვნელოვან სფეროებში მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარ გამოწვევად სოციალური დაცვის სფერო და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება. ამასთან, 2019 წელს მთავარ მიღწევებად თამარ ბარკალაია თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით მიღწევებსა და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას ასახელებს.

„გამოწვევები მრავალია, როგორი სფეროებიცაა სოციალური დაცვა, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საკითხები, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ის გამოწვევები, რომელიც არამარტო სისტემურია, არამედ არის ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებულიც, რაც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. არის ასევე გამოწვევები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ დადებითია, ნამდვილად ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, რათა მივაღწიოთ სრულ შრომის უსაფრთხოებას სამუშაო ადგილებზე , გარდა ამისა, იქ არის შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით და შრომის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილება კანონპროექტის სახით. მრავალი მიღწევაა ჯანდაცვის მიმართულებითაც, მათ შორის თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, არ შემიძლია, არ დავასახელო ის, რომ შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა და შრომის უსაფრთხოების კანონმა მოგვცა საშუალება, სრული წვდომა გვქონდეს დამსაქმებელზე ოცდაოთხი საათის განმავლობაში ყველანაირი წინაპირობისა და სასამართლო ნებართვის გარეშე. ასევე დადებითი ცვლილებებია ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით”, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.