პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ, როგორც წინასწარ განაცხადეს, პროექტს არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგნი წავიდნენ, მათ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, შესათანხმებელი რჩება მნიშვნელოვანი საკითხები.
„ორი კანონპროექტი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა იყო სასტარტო მდგომარეობა და რა იხილებოდა თუნდაც დღეს, ცვლილებები ჩანს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე გაიწეროს, რაც არა ფორმალურ შესრულებას, არამედ რეალურ შესრულებას უზრუნველყოფს. ვიდრე არ ვნახავთ ამ სიცხადეს ტექსტში, მხარდაჭერის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებთ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ამასთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ლელოს“ ეს ქმედება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა.
„არგუმენტაცია იყო, თითქოსდა ეს პროექტი არ ასახავს სრულად 19 აპრილის შეთანხმებას. სხვა პარტიებმა, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს. „ლელო“ იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა ამ მოტივაციით და მაგალითად მოჰყავდა, რომ ცესკო-ს არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მათი ამ გადანიშვნა, ან სხვა რაღაც ზომები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა სპეციალურად განაცხადა, რომ მაგალითად თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების საგანი და ამის ციტირება მე პირადად კიდევ ერთხელ მოვახდინე ამ შეხვედრაზე, სამწუხაროდ, „ლელო“ უყრუებს ამ განმარტებებს და პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება, პატივს არ სცემენ საკუთარ შეთანხმებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას და ცდილობენ, განმარტებები დაიწყონ მაშინ, როდესაც არ არის ამისი საფუძველი. სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულების დარღვევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მომავალ კვირაში ცვლილებების პროექტი უკვე სესიაზე გადის. ამასთან, პროექტი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი.
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.
მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ცესკო-ს წევრების ნაცვლად, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი აირჩევს ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.
რაც შეეხება ცესკო-ს შემადგენლობას, წევრთა რაოდენობა იზრდება და შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის იქნებიან ცესკო-ს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკო-ს მდივანი. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს შვიდ წევრს პრეზიდენტის წარდგინებით, აირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკო-ს არაუმეტეს ცხრა წევრი დაინიშნება პარტიების მიერ.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთი მოადგილე და მდივანი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებიდან. კანდიდატურების დასახელების უფლება კი კომისიის არანაკლებ ორ წევრს ექნება.
ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი არჩეული იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, მისი არჩევა წილისყრით მოხდება.
ცვლილებებით გათვალისწინებულია ასევე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იარსებებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან.
რაც შეეხება ჯგუფის საქმიანობას, პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკო-ს განკარგულებით შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.
მომზადებული ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელი იქნება. ასეთი მასალის განთავსება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას დაექვემდებარება.
ამასთან, დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელი იქნება, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.