პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხი პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა, მისი თქმით, დღევანდელ სხდომას დაინტერესებული პირები ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფებიდან არ ესწრებიან.

კომიტეტის სხდომაზე შესავალ სიტყვაში ოხანაშვილი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„დღეს ვიხილავთ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თობაზე პროექტს პირველი მოსმენით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პროექტს წარმოგვიდგენს ირაკლი კობახიძე. ეს არის საკითხი, რომელიც გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ყველა ესწრება კომიტეტის სხდომას. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა დაინტერესებულ პირებს ოპოზიციური, პოლიტიკური საპარლამენტო ჯგუფებიდან ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც შეიძლება იყვნენ ჩართულნი, იმედია, ისინი შემოუერთდებიან ამ პროცესს.

აღსანიშნავია ცოტა ხნის წინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილი, სწორი და აუცილებელია პოლიტიკური პროცესების სრული ნორმალიზებისთვის ყველა იმ სუბიექტმა, ვინც თავის დროზე ხელი მოაწერა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხს, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე 21 ივნისისთვის არის დაგეგმილი.