პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ კორძაიამ რეგლამენტი დაარღვია.

სხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. კორძაიამ დარბაზიდან გასვლისას აღნიშნა, რომ „მოღალატეებთან ერთად ყოფნა მაინც არ უხარია“. მის ამ შეფასებას უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილსაც. კომიტეტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის გამო საქართველო ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს. ამ განცხადების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს მიკროფონი გამოურთო, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. მანდატურის სამსახურმა სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა.

მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.