პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის მოდელზე იმსჯელა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის მოდელზე იმსჯელა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის, სკოლების მართვისა და ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელის შესახებ იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპია მოსწავლეზე და სასწავლო შედეგზე ორიენტირებულობა.

სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში დგას კონკრეტული მოსწავლე თავისი ინდივიდუალური საჭიროებებით და მთელი სასწავლო სისტემა მასზეა ორიენტირებული.

„მოდელში კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე სასწავლო პროცესის დაფუძნებასა და პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაზე ვაკეთებთ აქცენტებს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მან ისაუბრა მშობლების ჩართულობაზე, სახელმძღვანელოებისა და სხვა რესურსების განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ელექტრონულ ჟურნალსა და მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ახალი სასწავლო გეგმის სიახლეებია.

ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის სამი ძირითადი პრინციპია: ხარისხი, ხელმისაწვდომობა და მმართველობა.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს მინისტრის პირველი მოადგილის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით; ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას; უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას – სწავლის სწავლას; უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

დღესვე კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ანგარიში განიხილა, რომელიც საქართველოში ზოგადი განათლების სისტემაზე „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის გავლენას ეხებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.