პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას - „ასოცირების ექვსი წელი საქართველოსთვის“
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას - „ასოცირების ექვსი წელი საქართველოსთვის“

ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას  სახელწოდბოთ – „ასოცირების ექვსი წელი საქართველოსთვის.“

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კამპანია ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით ხორციელდება.

ორთვიანი კამპანია  27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად ექვს წლისთავზე, დასრულდება.

Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღინიშნება და კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩატარდება.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა ქვეყანას.

„აღნიშნული პროექტით ჩვენ გვსურს, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თბილისსა და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვდასხვა სამიზნე ჯგუფებს ასოცირების ხელშეკრულებისა და ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე. ასევე, გვინდა საზოგადოებაც ჩავრთოთ ამ პროცესში. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ ჩვენს კამპანიაში, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და დაგვეხმარონ იმაში, რომ ყველას ერთად გავაგებინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების პროცესი და რას მოგვიტანს ყველას ერთად ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვებგვერდზე www.aa.ge დარეგისტრირების შემდეგ, სტუდენტების ხუთკაციანი ჯგუფები დაესწრებიან ონლაინ ლექციებს. ამის შემდეგ კი მათ ექნებათ ორკვირიანი ვადა, რომ თემაზე „ასოცირების ექვსი წელი საქართველოსთვის“ მოამზადონ ესე, ან კვლევისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა და წარადგინონ ონლაინ. სამი საუკეთესო ესე პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება და გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო. გამოვლინდებიან საუკეთესო კვლევითი სამოქმედო გეგმების ავტორები, რომლებიც ერთი თვის ვადაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კვლევას. წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ. კონკურსის გამარჯვებულები 27 ივნისს გამოვლინდებიან.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, კამპანიაში ჩართვის საშუალება აქვთ სკოლის მოსწავლეებსაც (მეცხრე კლასიდან ზევით). მათთვის დაგეგმილია ონლაინ საჯარო დებატები, რომელიც გაიმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ასოცირების შეთანხმების შედეგად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვა სფეროში. საჯარო დებატების შემდეგ, მასწავლებლებსა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მომხსენებელსა და გამარჯვებულ გუნდს კი, გადაეცემა ჯილდო.