საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ჯანრი კაშიას კუთვნილი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას მისმა მეუღლემ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. ბიბლიოთეკა 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება. მათ შორის არის საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.
სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გასულ წლებში ასევე გადასცა ჯანრი კაშიას მიერ შეგროვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში.
ბიბლიოთეკაში ასევე ინახება საქართველოს პრეზიდენტის მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემები, რომლებიც ბიბლითეკას სალომე ზურაბიშვილმა გადასცა.
„დღეს სასიხარულო და ბედნიერი დღეა. ეს არის დღე, როცა სრულდება ჯანრის დიდი ხნის ოცნება. წლების განმავლობაში აგროვებდა მთელს მსოფლიოში ამ წიგნებს. აქედან რომ მიდიოდა, გაყიდა და არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. იქ დაიწყო ახალი წიგნების შეძენა და ყველგან თან დაატარებდა ამ წიგნებს. რაც მახსოვს, სულ მუდამ საუბარი იყო, რომ მოდი, ვნახოთ სადმე ადგილი, სადაც ეს ბიბლიოთეკა განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როცა ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, თან წამოვიღეთ წიგნები. რაღაც ნაწილი სახლშიც დავიტოვე, რომ ვიგრძნო, ის ისევ არსებობს, მაგრამ მისი სული აქაც არის. ყველა წიგნს აქვს მის მიერ გაკეთებული მინაწერები, სად ეთანხმება, რას არ ეთანხმება. ეს მნიშვნელოვანია. მისი დაბადების დღე იყო გუშინ, 80 წელი შეუსრულდებოდა, ეს საჩუქარი გაუხარდებოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
