პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება [ფოტო]
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება [ფოტო]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნება. დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით აღადგინეს.

ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე, შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერესებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტებისა და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ საქმეში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისთვის სტიმულის მიცემას. ფოლკლორის დარბაზის გახსნაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

ფოლკლორის დარბაზი 20 იანვარს, 14:00 საათზე გაიხსნება.