პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები პროკურატურის მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები პროკურატურის მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს პროკურატურის მაღალჩინოსნების გამოკითხვით გაგრძელდება.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე არიან მიწვეული.

კომისიის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

კომისიის ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, ისევე, როგორც წინა სხდომაზე გამოკითხული საქმეზე ზედამხედველი პროკურორების შემთხვევაში, დღეს მოწვეულ პირებთანაც მათ აქვთ კონკრეტული კითხვები გამოძიების ხარვეზებზე, თუ რატომ არ ჩატარდა საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღესვე შესაძლოა, ორი არასრულწლოვანი გამოკითხონ. ამ პირთა გამოკითხვა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა რადგანაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-ს გამოკითხვა დაგეგმილზე მეტხანს, ხუთ საათს გაგრძელდა, კიდევ ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა გადაიდო. ეს არასრულწლოვნები საგამოძიებო კომისიის მიერ უკვე გამოკითხული არიან, თუმცა მას შემდეგ, ეს პირები საგამოძიებო უწყებებში იყვნენ და საკუთარი ჩვენებები დააზუსტეს. სწორედ ამ თემების დასაზუსტებელ კითხვებს დაუსვამენ მათ დეპუტატები.