პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მ.კ.-ს ახსნა-განმარტებებს ისმენენ
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მ.კ.-ს ახსნა-განმარტებებს ისმენენ. კომისიის მდივანი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით, მ.კ. სისხლისსამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს.
„ადამიანი ვალდებული არ არის, ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს. განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს, ხედავდა, როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ, ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა პირი ვალდებული არ არის, ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს. მ.კ. საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ჩვენი შეფასებით, სისხლისსამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახიძემ.
საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფმა დღესვე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილს, ა.ს-ს მოუსმინა. ოთარ კახიძე გამოკითხვის შინაარსს მედიასთან არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ საუბარი სკოლაში ა.ს.-ს ჩაგვრის ფაქტებსაც შეეხო.
„დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი როდესმე გაგვიკეთებია? საუბარი ყველაფერზე, მათ შორის ბულინგზეც იყო. ოღონდ, ვერაფერს გეტყვით, კონკრეტულად რა განაცხადა“, – აღნიშნა კახიძემ.