პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს თამარ ჟვანია უპასუხებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს თამარ ჟვანია უპასუხებს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.

საგამოძიებო კომისიის წევრებს თამარ ჟვანიასთან კითხვები, ძირითადად, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროსთან და კომისიის წევრთა კომპეტენციასთან დაკავშირებით ექნებათ.

საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმენენ. კომისიის წევრებს პროკურატურის წარმომადგენლებთან კითხვები არჩევნების დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე ექნებათ.

„კითხვები, რომლებიც დღეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან იქნება დასმული, დაკავშირებული იქნება პირველადი შედეგების გამოცხადების დროსთან, კომისიის წევრთა კომპეტენციასთან, დავებთან. ასევე, სხვადასხვა საკითხები, რომლებიც გამოვლინდა ამ პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება, რომელიც ღია იქნება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ასევე, გვექნება შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაგან მივიღებთ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო საქმეებზე, რაც დაკავშირებულია არჩევნების წინა პერიოდთან და არჩევნების დღეს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან, ამის თაობაზეც გვექნება განხილვა“, – განაცხადა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

​დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა, მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

დატოვე კომენტარი